logo
ENG



მეუფე დიმიტრის თქმით, გარეჯში თავდასხმას მელაშვილის მხრიდან "პროვოკაციის ელფერი დასდევს"

10 მაი 202113:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/10/5w60gjldsyq0h0s.jpeg

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი კარტოგრაფ ივერი მელაშვილის დავით გარეჯში ჩასვლას პროვოკაციას უწოდებს. ასე გამოეხმაურა ის გარეჯში მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

ის, ასევე, გამოეხმაურა მეუფე ანტონის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტზე ფიზიკურ ძალადობას და თქვა, რომ ძალადობა დასაგმობია.

"ძალადობა ყოვლად დასაგმობია, ეს ცხადზე უცხადესია, არ იყო ეს ყველაფერი ლამაზი და დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს.

საერთოდ რაც ხდება ამ ბოლო პერიოდში, ძალიან რთული აღსაქმელი და მოსასმენია ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - ის, რომ ამ ყველაფერს გარკვეულწილად ცოტა პროვოკაციული ელფერი დასდევს, თუნდაც გარეჯის ამბავს, ინციდენტს გამოვეხმაურები, როდესაც შენ იცი, ბატონი მელაშვილი მყავს მხედველობაში, როცა იცი, რომ არის გარეჯელი ბერების ხსენების დღე, იცი, რომ იქ იქნება ჩასული აუარებელი მომლოცველი, ისიც ცხადია, რომ შენი ხელის მოწერის შემდეგ, როგორც კომისიის თავმჯდომარის, იმ სალოცავში არავინ უშვებს არც მომლოცველებს და არც მოძღვრებს და შენ ჩადიხარ, რბილად რომ ვთქვა, ზედმეტად მოჭარბებული კრიტიკის ტელევიზიასთან ერთად, იცი, რომ იქ შესაძლებელია, მოხდეს უსიამოვნება ამ დღეს და გარკვეულწილად, მე ვფიქრობ, რომ ამასაც პროვოკაციის ელფერი დასდევს", - თქვა მეუფე დიმიტრიმ.

დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს 4 მაისს დაესხნენ. რაც შეეხება მეორე ინციდენტს, მეუფე ანტონმა 8 მაისს მთავარი არხის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გარეჯში მომხდარი ინციდენტი დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასეს როგორც საპატრიარქოში, ასევე, მმართველ გუნდში. 

თავდასხმის შემდეგ მელაშვილისა და მედიის წინააღმდეგ საჯარო ბრალდებები პირველმა უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ წამოაყენა. მან მელაშვილის "საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე" გამოჩენა პროვოკაციულად შეაფასა და განაცხადა, რომ ის მიზნად ეკლესიის დისკრედიტაციასა და დაპირისპირების ახალი კერების გაჩენას ისახავდა. 

იგივე გზავნილი გაიმეორა საპატრიარქოს პრესსპიკერმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელიც 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების შემდეგ, მათ წინააღმდეგ კამპანიაში განსაკუთრებით აქტიური იყო.


close დახურვა